ორბის აკადემიის გუნდები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გამოსვლა აგრძელებენ. მოგეხსენებათ, რომ A და B ლიგები მიმდინარეობს, ხოლო C ლიგა სულ მალე დაიწყება.

ამ სტატიაში ჩვენი გუნდების სატურნირო მდგომარეობასა და მათ შანსებს გაგაცნობთ. კახა ტომარაძის გაწვრთნილმა 18–წლამდელებმა პლეი ოფში გასვლის შანსი დაიბრუნეს. ჩვენმა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან სამი შეხვედრა მოიგო და ამჟამად 9 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა, რითიც მეცხრე ადგილზეა. 18–წლამდელები კიდევ ოთხ მატჩს გამართავენ და პლეი ოფში შესვლას ეცდებიან.

ჩვენი გუნდის მეტოქეები დარჩენილ 4 ტურში არიან: აკადემია, ბრუკლინი, ჰიუნდაი და თბილისი ბასკეტი.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი – ცოტნე რობაქიძე (საშუალოდ 17,3 ქულა), გუნდის საუკეთესო მომხსნელი – საბა დარჯანია (საშუალოდ 9,9 მოხსნა), გუნდის საუკეთესო მეპასე – ანდრია ლომაშვილი (საშუალოდ 5,9 პასი).

გია კაზანჯიანის და შაკო ჩხიკვიშვილის გაწვრთნილმა 16–წლამდელებმა 19 მატჩიდან 12 მოიგეს და 7 შეხვედრაში დამარცხდნენ. ორბი 16–წლამდელთა ლიგაში მეხუთე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდს პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ჩვენი გუნდი მომდევნო სამ მატჩს აკადემიასთან, თბილისი ბასკეტთან და თსუ–სთან გამართავს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და მომხსნელი ნიკოლოზ ბაიდოშვილია, რომლის საშუალო მონაგარიც 19,1 ქულა და 8,8 მოხსნაა. დემეტრე დარჯანია საუკეთესო მეპასეა – საშუალოდ 2,9 პასი.

ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილ 14–წლამდე გუნდს A ლიგაში 7 მოგება და 11 მარცხი აქვს. ორბი ამ დროისთვის მეშვიდე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში დარჩენა გარანტირებული აქვს. ამჟამად ამოცანა სხვა არის, გუნდი პლეი ოფში უნდა გავიდეს, რაც ტრავმების ფონზე რთული საქმეა, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა რამდენჯერმე დაამტკიცეს, რომ მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ბოლომდე ბრძოლა შეუძლიათ და მნიშვნელოვანი მატჩებიც მოიგეს. ორბის მეტოქეები მომდევნო მატჩი ჰიუნდაი, რუსთავი და VSA იქნებიან.

14 წლამდელთა B ლიგაში ორბი 2 ყველა მატჩში დამარცხდა, ხოლო ორბი 3–ის კალათბურთელებმა სამი მატჩი მოიგეს და სამ შეხვედრაში დამარცხდნენ.

16 წლამდელთა B ლიგაში ნიკა გარუჩავას გაწვრთნილი გუნდი შეუჩერებელია. მათ 8–დან 8 მატჩი მოიგეს და მეორე ადგილზე არიან. პირველ ადგილზე მყოფ ბასკოს ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და მეპასე ნიკოლოზ ახობაძეა (საშუალოდ 17,1 ქულა და 3,6 პასი). საუკეთესო მომხსნელი კი ილია რობაქიძეა – 8,6 მოხსნა საშუალოდ.

18–წლამდელთა B ლიგაში რატი რუხაძის გაწვრთნილი ტყიბულის ორბი ასპარეზობს. წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, გუნდმა მოგება ვეღარ მოახერხა. ორბი მოგებასთან ყველაზე ახლოს ბასკოსთან იყო, თუმცა 81:83 დამარცხდა. ფაქტია, რომ ტყიბულში დაარსებული აკადემიის აღსაზრდელები უდიდეს გამოცდილებას იღებენ. გუნდი დარჩენილ მატჩებშიც ბოლომდე იბრძოლებს.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ რუხაძეა (საშუალოდ 23,9 ქულა). საუკეთესო მომხსნელი დავით გოგლიძეა (7,9 მოხსნა), საუკეთესო მეპასე კი ალექსანდრე რუხაძეა (საშუალოდ 1,9 პასი).

სალომე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2 მატჩი მოიგო და 6 შეხვედრაში დამარცხდა. გია კაზანჯიას გაწვრთნილი გუნდი კი 6 მოგებითა და 3 მარცხით A ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.