ზესტაფონში ქუთაისი 2010-თან განცდილი მარცხის შემდეგ, ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბი ტყიბულში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ თსუ-ს შეხვდა და მეტოქე 5 ქულით დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ორბს ნოდარ გოგოძე და ლუკა ჯიქია ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდნენ, ხოლო გუნდის კაპიტან ბექა ლომაშვილს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმრებს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი ალექსანდრე ფევაძე ვერ ეხმარებოდათ.
ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 49:46 მოიგო, რის შემდეგაც მესამე პერიოდი ფრედ 19:19 დასრულდა. გადამწყვეტ მეოთხედში თსუ-ს 2 ქულით ვაჯობეთ და მატჩიც 85:80 მოვიგეთ. ილია ლონდარიძეს ფანტასტიკური მატჩი ჰქონდა. მან 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. თომას მურსა და ნიკა თოთლაძეს 18-18 ქულა დაუგროვდათ. საკმაოდ დიდი დრო მიიღეს ლუკა ხარაბაძემ და საბა ნარიმანიძემ, რომლებმაც თავიანთი შანსები გამოიყენეს და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარნენ.
ირაკლი ტომარაძის გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად გორში გამართავს. ჩვენი მეტოქე ივერიონი იქნება. დავით როგავას გუნდმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო და 2-დან 2 მატჩი მოიგო.