გია კაზანჯიანის, შაკო ჩხიკვიშვილისა და ლევან ლოლიშვილის გაწვრთნილი ორბი B ლიგის პლეი ოფში გავიდა. ჩვენმა გუნდმა ბოლო ტურის მატჩში ბრუკლინს უმძიმეს ბრძოლაში აჯობა და სეზონი 10 გამარჯვებით დაასრულა.

ორბის 18–წლამდე გუნდმა B ლიგაში ბრუკლინს 84:82 აჯობა. მატჩის გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო. ძირითადი დრო 61:61 დასრულდა, ხოლო პირველი ოვერტაიმის შემდეგ ტაბლოზე 72:72 დაფიქსირდა. მეორე ოვერტაიმში იონა ტალახაძემ 6 ქულა მოიპოვა, ნიკოლოზ ბაიდოშვილმა კი 5 ქულა დააგროვა, რითიც ჩვენმა გუნდმა გამარჯვება გაინაღდა.

იონა ტალახაძემ მატჩი 20 ქულით, 11 მოხსნით, 4 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. ნიკოლოზ ბაიდოშვილს 14 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. დავით კავლელაშვილს 12 ქულა დაუგროვდა, ხოლო სამველ გრიგოროვმა და გიორგი რაზმაძემ მატჩი 10–10 ქულით დაასრულეს.

ორბი B ლიგის პლეი ოფში ასპარეზობას აგრძელებს. ჩვენი მეტოქე ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი იქნება.