ორბის 16-წლამდე და 18-წლამდე გუნდებისთვის მორიგი სათამაშო დღე წარმატებული გამოდგა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდე გუნდმა A ლიგაში მეორე მატჩი მოიგო. 16-წლამდელებმა დინამო თბილისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 70:64.

დინამო პირველი ტაიმის შემდეგ 36:29-ს იგებდა, მესამე მეოთხედიც მეტოქის გამარჯვებით დასრულდა და ბოლო პერიოდის წინ ანგარიში 53:45 იყო. გია კაზანჯიანის გუნდმა სეზონში უკვე მეორე ქამბექი შემოგვთავაზა, ბოლო მეოთხედი 14 ქულით მოიგო (25:11) და სეზონში მეორე გამარჯვებაც იზეიმა.

დემეტრე დარჯანიამ მეოთხე პერიოდი კარგად დაიწყო, რასაც ნიკოლოზ ბაიდოშვილის რამდენიმე ქულა მოჰყვა. ნიკოლოზ ახობაძის უმნიშვნელოვანესმა სამქულიანმა კი მატჩის ბედი გადაწყვიტა და დინამო ორბს ვეღარ დაეწია.

ორბს 31 ქულით ნიკოლოზ ბაიდოშვილმა ულიდერა. მას ორმაგი დუბლი ჰქონდა (31 ქულა, 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება). ნიკოლოზ ახობაძეს 14 ქულა ჰქონდა, ხოლო ლუკა ჟვანიას 12 ქულა დაუგროვდა. 16-წლამდელები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს გამართავენ. ისინი აჭარის ნაკრებთან ითამაშებენ (31 ოქტომბერი).

კახა ტომარაძის გაწვრთნილმა 18-წლამდელებმა დინამოს მარტივად აჯობეს. მათ მეტოქე 34 ქულით დაამარცხეს – 78:44. ჩვენს გუნდს 16-16 ქულით ალექს ვარდოშვილმა და ლუკა მაზანაშვილმა ულიდერეს. საბა დარჯანიამ შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა – 13 ქულა და 11 მოხსნა. გუნდის კაპიტან ცოტნე რობაქიძეს 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა ჰქონდა. ანდრია ლომაშვილმა მატჩი 5 ქულით, 7 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა.

ორბის 18-წლამდე გუნდი მეოთხე ტურში აჭარის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 2 ნოემბერს გაიმართება.